სიანის უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების ზონის განვითარების კომპანია საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება

10/01/2020

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ ფონდში ჩინეთის უმსხვილესი „ShaanGu“ ჯგუფის გენერალური დირექტორი ლიუ ძინფინი და სიანის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების ზონის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჰონგ ლი მიიღო. გიორგი ხელაიამ ჩინეთის დელეგაციის წევრებს „საპარტნიორო ფონდის“ მანდატი და ინვესტირების პრინციპები გააცნო. ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობას რამდენიმე სექტორში განიხილავენ, მათ შორის, საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ეკონომიკური ზონის მშენებლობის, ენერგეტიკის, კერძოდ – განახლებადი ენერგიების, ასევე მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური წარმოების მიმართულებით. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩინეთის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ფონდის მიერ ენერგეტიკისა და მაღალტექნოლოგიური წარმოების დარგში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.
ფონდში გამართულ გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. შეგახსენებთ, სიანის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების ზონის განვითარების კომპანია, რომელიც თითქმის 30 წელია წარმატებით ოპერირებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნიზებულ ერთეულს წარმოადგენს. ხოლო სიანის „Shaangu Power Co.“ ქიმიური, მეტალურგიული, ენერგეტიკული წარმოებისა და გარემოს დაცვის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე კორპორაციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0