სვერის ციხეში არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

16/08/2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით სვერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ზ.ბრაგვაძე) სვერის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.
სვერის ციხე მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურის სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ზე, საძალიხევის მარცხენა ნაპირზე.ციხე კირქვის მასივზეა ამოზიდული და აგებული უნდა იყოს VII-VIII საუკუნეებში.
1590წ. სვერის ციხე ქართლის მეფემ – სიმონ I-მა დაიკავა. 1661წ. იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ – ვახტანგ V-მ აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. 1744წ. მას იმერეთის მეფე ალექსანდრე V დაეუფლა. ორი წლის შემდეგ აბაშიძეებმა ციხე უკან დაიბრუნეს. ხრესილის ბრძოლის (1757) შემდეგ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფო ხელისუფლებას. 1763 წელს ის ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს, რის შემდეგაც ციხე აღადგინეს. იმერეთის აჯანყების (1810) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა და როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობა, გაუქმებული იქნა.
სვერის ციხე საკმაოდ მწირად არის შესწავლილი სამეცნიერო კუთხით,ამიტომ ექსპედიციამ ორი ძირითადი მიზანი დაისახა: დაედგინა არქეოლოგიური ფენების სტრატიგრაფია და მიეკვლია გვიანანტიკური ხანის სამაროვნისთვის. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციამ ეს ორივე მიზანი შეასრულა. დადგინდა ნამოსახლარის სტრატიგრაფია და მიკვლეული იქნა სამაროვანი.
არქეოლოგიური სამუშაოები წარიმართა ციხის სამხრეთ ფერდობზე და აღმოსავლეთი ფერდობის ქვედა ტერასაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0