დაბა მესტიაში ფესტივალი „სვანეთობა 2016“ ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში სეტის მოედანზე გაიმართა ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და რეწვის ნიმუშების გამოფენა. ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნელი ნავერიანმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას – ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დაეგემოვნებინათ სვანური ტრადიციული სამზარეულოს იშვიათი კერძები, ასევე დაეთვალიერებინათ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი ფოლკლორული და საოჯახო ანსამბლების კონცერტი.
სპეციალურად ფესტივალისთვის დაწესებულ სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: საუკეთესო ტრადიციული სამზარეულოს წარმოდგენისთვის – ფარის ტერიტორიული ერთეული, საუკეთესო გამოფენისთვის – მულახის და ლენჯერის ტერიტორიული ერთეულები, საუკეთესო ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვისთვის – ეცერის ტერიტორიული ერთეული. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ დიპლომებითა და ტრადიციული ფანდურებით.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ღონისძიების სტუმრებს მიულოცა „სვანეთობა“, მადლობა გადაუხადა მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს და ფესტივალში მონაწილეობისთვის სამახსოვრო სიგელები გადასცა. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ზემო სვანეთის მოსახლეობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილი) მიენიჭა მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება, ბატონმა კაპიტონმა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის წარმომადგენელს გეგი ჯაფარიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა საპატიო მოქალაქის წოდების დიპლომი.
ფესტივალი „სვანეთობა 2016“, პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში დასრულდა ჯგუფი „ბანისა“ და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტით.
ფესტივალი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით უკვე მეორე წელია მსგავსი ფორმატით ტარდება და მომავალშიც ტრადიციული სახით გაიმართება.
„სვანეთობა 2016“ ჩატარდა
01/08/2016