კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუშაობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. რეაბილიტაცია, რომელიც ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება, თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა თეატრის ისტორიაში. შენობას ჩაუტარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები. გამოიცვალა სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები. დასრულებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, სრულად განახლებულია ელექტროგაყვანილობა. ამ ეტაპზე დასრულდა რიგელების, სართულშუა გადახურვის ფილების, კიბის უჯრედების, ასევე, სვეტების ლითონის კონსტრუქციებით გამაგრების სამუშაოები. გამოიცვალა კარ-ფანჯრები. დასრულდა გარე ფასადის რეაბილიტაცია. სრულად უტარდება რეაბილიტაცია სცენის სივრცეს. დაწყებულია თეატრის უნიკალური მხატვრობის რესტავრირება, რომელზეც მხატვართა ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს შენობის შიდა ჭაღების და გარე ფასადის 6 დიდი სანათის რეაბილიტაცია, რომელთაგან 2008 წლის აგვისტოს დაბომბვების დროს სრულად განადგურებული ერთი სანათი ჩამოსხმულია და უახლოეს დღეებში დამონტაჟდება. მომდევნო ეტაპზე დაიწყება ასევე თანამერდოვე სტანდარტების სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემების მონტაჟი. სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრის შენობის სრული და ყოველმხრივი რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება, რომლის შემდეგაც იგი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს. თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში დააპროექტა არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ.
სენაკის თეატრის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
16/06/2018