ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ განვლილი პერიოდის შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, კომპანია „BK Construction“-ის დამფუძნებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მიიღეს. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ხაზი გაესვა „კონსტრუქტ2“-ის როლს რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში და აღინიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით, იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი სიახლე და ახალი პროექტი ინერგება.
“პროფესიული სასწავლებელი “კონსტრუქტ2“ ზოგადად არის ძალიან წარმატებული პროექტი საგანმანათლებლო მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. სწორედ ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე იყოს დაინტერესებული პროფესიული სწავლებით და ქვეყანამ მიიღოს მეტი კვალიფიციური კადრი “ – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში შეხვდნენ სტუდენტებს, გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და იმ პროექტების განხილვაში მიიღეს მონაწილეობა, რასაც კოლეჯის ადმინისტრაცია კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს. კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კოლეჯი ახორციელებს როგორც საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს. კოლეჯში სწავლება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს m² და მისი შვილობილი კომპანია „BK Construction“ საკუთარ მშენებლობებზე ასაქმებს.