საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების თემაზე ქალაქ თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრება. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების თემაზე ორდღიანი კონფერენცია იმართება.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მსჯელობა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო სექტორის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.
კონფერენციის სამუშაო ნაწილის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს საქართველოს კონტექსტში მიმოიხილავენ და ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების თემაზე კონფერენციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო
20/06/2019