სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაესწრო.
„იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში მოქმედ ექვს კოოპერატივს გადავეცით დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ საკუთარ ფართობში მოყვანილი მაღალხარისხიანი ჩაის გადამუშავებას. რითაც, ერთი მხრივ, გააიაფებენ თვითღირებულებას, მეორე მხრივ, შეძლებენ მოემსახურონ კოოპერატივის ირგვლივ არსებულ პლანტაციებს, რომ შეძლონ ერთგვაროვანი, მაღალხარისხიანი, პრემიუმ კლასის ჩაით უზრუნველყონ როგორც საქართველოს ბაზარი, ისე განახორციელონ ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ჩაის წარმოება იმერეთის რეგიონისთვის ტრადიციულია; სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ყველა იმ კოოპერატივისთვის და ფერმერისთვის, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და შექმნას დოვლათი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონში მოქმედ 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა გადაეცა; სახელმწიფო თანადაფინანსება 329,460 ლარია. პროგრამის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო 643 000 ღირებულების დანადგარები, ჯამში, 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა. საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში „ქართული ჩაი“ რეაბილიტირებული ფართობი 1,670 ჰექტარს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.