პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშს ეხმაურება.
„მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიშს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ძლიერი პარტნიორია უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ანგარიშშია ხაზგასმული, რომ 2023 წლის განმავლობაში ქვეყანა განაგრძობდა კონტრტერორისტულ ძალისხმევას და რჩებოდა შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში. დადებითი შეფასება განპირობებულია საქართველოს მრავალწლიანი ეფექტიანი ჩართულობითა და თანამშრომლობით კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც მიერთებულია ბევრ საერთაშორისო პლატფორმას ტერორიზმთან ბრძოლისა და პრევენციის კუთხით. ასევე, დადებითი შეფასება ქვეყნის უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. კერძოდ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აქვს კონტრტერორისტული საქმიანობის ძირითადი მანდატი, მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან და პროკურატურასთან, რაც ხაზგასმულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა და კვლავაც განვითარების პროცესშია.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენის, შეკავებისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობა და რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი უპასუხოს გამოწვევებს. რაც შეეხება ანტიტერორისტულ კანონმდებლობას, ნოემბერში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა დიდ წილად შეესაბამება ევროკავშირის და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.