გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობის „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
“ჩვენ უკვე მრავალი წელია ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გასაძლიერებლად მხარდამჭერ სახელმწიფო პროექტებს ვახორციელებთ – იქნება ეს ბაღების გაშენების ხელშეწყობა, ერთწლოვანი კულტურების მოყვანა, სამაცივრო და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. დღეს, სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვის და შესაბამისად, ქართული პროდუქციისთვის ხდება ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500 000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს. სამაცივრო მეურნეობაში „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები; სამაცივრო ინფრასტრუქტურაში, ერთდროულად, 1000 ტონა პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს. აგროჰოლდინგში შემავალი კომპანიები 60 ადამიანს ასაქმებს. აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი 41 მლნ ლარს აღემატება.