ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა თანხა ჯიბეში ჩაიდეს, მაგრამ არამიზნობრივად გაფლანგვაც სერიოზულ კითხვებს იწვევს. ივანიშვილი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზციების პოზიციას იმის შესახებ, რომ კაბელების საქმეზე დაკავებულთა დანაშაული არ იკვეთება.
“მე არ მინახავს, მაგრამ სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დამთავრებამდე, ძალიან ცუდია – ასწრებს და ერევა სასამართლოს საქმეში. ზოგადად, არ არის დამტკიცებული რომ მათ ეს ჯიბეში ჩაიდეს – ეს ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად არის გაფლანგული 5 მილიონი ლარი. ჩემი აზრით, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს, თუმცა მე სულაც არა ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არ სურს დაუბრუნდეს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ის თავად იყო ჩართული პროკურატურისთვის მითითებების მიცემაში და გაადააჭარბოს ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის “თავისუფალი დემოკრატების” კრიტიკაში, ვინაიდან საარჩევნო პერიოდია, თუმცა აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა თავისი ბრალდებების დამადასტურებელი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.