საძელში ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/06/2016

საძელში მცხოვრებ პატარებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.
ამ დროისათვის, აქტიურად მიმდინარეობს ბაღის შენობის რეაბილიტაცია.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. აივანზე მოზაიკური ფილები დაიგება, დანარჩენ ოთახებში კი ლამინირებული პარკეტის იატაკი მოეწყობა. ასევე, შემოიღობება და კეთილმოეწყობა ეზო.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე გაეცნო.
შეგახსენებთ, საძელის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 30 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. მისი რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0