„საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია

23/03/2018

16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, სამინისტროს მოწვევით საქართველოში „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები იმყოფებოდნენ, დღეს უკვე გვაქვს მათ მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია.
ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია.

❞ თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.
სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. გარდა ამისა, მე მომმართა ორმა ადამიანმა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები – ეს არის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძე და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსo კოტე ქადაგიძე. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. დასკვნა: უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა მოხდა ადამიანის შეცდომა (Human Factor) ❝, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დასკვნისავე თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს ინსპექტირება კვალიფიციურად ჩატარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ თანამშრომლების გადამზადების მიზნით, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ კომპანიასთან თანამშრომლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის კურორტებზე არსებული საბაგიროების ტექნიკური პერსონალის გადამზადება აქტიურად ხორციელდებოდა. 2017 წელს ტექნიკურმა პერსონალმა ავსტრიაში კომპანია „დოპელმაიერის“ სათაო ოფისთან არსებულ ქარხანაში გადამზადება გაიარა, რომელიც ითვალისწინებდა საბაგიროს ელექტროსისტემების, უსაფრთხოების, ძრავების, ჰიდრავლიკისა და სხვა დეტალების შესახებ სწავლებას. ასევე, მნიშვნელოვანი გადამზადება ტექნიკურმა პერსონალმა 2017/2018 წლის ზამთრის სეზონის გახსნამდე გაიარა.
სწავლება ევროკავშირის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში გულისხმობდა ფრანგი ექსპერტების მიერ საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2018 წლის იანვარში კი ფრანგული საბაგიროების მწარმოებელი კომპანია „პომას“ ექსპერტის მიერ ჩატარებული სწავლება გულისხმობდა საბაგიროების უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმებას, გასწორებას და საბაგიროს პერსონალის მომზადებას.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებულია მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული საბაგიროები. მათ შორის არის ავსტრიული კომპანია დოპელმაიერი, რომელიც ლიდერია ხარისხის, ტექნოლოგიებისა და საბაგიროების წარმოების კუთხით. დღესდღეობით დოპელმაიერის დამონტაჟებული აქვს 14,800 საბაგირო 92 ქვეყანაში. „დოპელმაიერი“ 1986 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული აქვს 15 საბაგირო. (გუდაური 6, ბაკურიანი 6, სვანეთი 1, გოდერძი 2) ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა მუდმივად შესაბამისობაშია მსოფლიოში არსებულ მოწინავე სტანდარტებთან. საქართველოში მათ მიერ ასევე განხორციელდა როგორც თბილისი-ფუნიკულიორის, ისე ბათუმის საბაგირო მშენებლობა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 16 მარტს გუდაურში მომხდარი ინციდენტი იყო ერთჯერადი ფაქტი.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული დასკვნა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიიღებს „საძელეს“ ინციდენტთან მიმართებაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ოფიციალური გამოძიების შემდეგ მივიღებთ. გარდა ამისა, გამოძიებას აღნიშნული საქმის მიმართ გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის შედეგიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება ოპერატორს, რომელიც მართავდა „საძელეს“ საბაგიროს ინციდენტის მომენტში. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ის მხოლოდ ოფიციალური გამოძიების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0