საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ – გაიხსნება

06/07/2020

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას. ამასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი – ვარშავა,
15 ივლისი – ბარსელონა,
17 ივლისი – რომი,
22 ივლისი – პარიზი,
28 ივლისი – ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ. შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0