საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 499 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია 7 კმ-ანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ბეტონის კიუვეტების, ბორდიურების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ არსებული გზის საფარი ფაქტობრივად არ არსებობდა და მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილის მოსახლეობას შეეძლება უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
მშენებლობაზე დასაქმებულია 60 ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
საჩხერეში 7 კმ-ანი გზით 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს
21/06/2016