საშინაო თუ საგარეო სტრატეგიული გეგმა წარმატებული იქნება

15/06/2016

კოალიციური მთავრობის პირობებში რთულია ქვეყნის მართვა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ეს ასეა განვითარებულ დემოკრატიებშიც, თუმცა, მისივე შეფასებით, საქართველოში უფრო მწვავედ არის წამოწეული თემა, რომელიც კერძო პოლიტიკურ ინტერესებს, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებსა და ამ ჯგუფების დაპირისპირებას ეხება, რასაც პოლიტიკური სპეკულაციის ფორმა ეძლევა.

“მაგალითად, ერთი ჯგუფი გარკვეული თემების გათვალისწინებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი პოზიციის დაკავებას აპირებს, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია პროგნოზი “ქართული ოცნების” უმრავლესობით მოსვლის შესახებ, რადგან “ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვითარების სტაბილიზაცია მოახდინა, ადამიანები მძიმე, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოიყვანა და ის პროექტები, რომელიც ხორციელდება და რაც დაგეგმილია, საქართველოს კარგ და სტაბილურ მომავალს უზრუნველყოფს.

“იყო სერიოზული პრობლემები, სერიოზულად დაგვარტყა ლარის კურსმა, მსოფლიო და რეგიონალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, მაგრამ ამ პერიოდში თავის გატანა მაინც შევძელით. ჩამოყალიბდა მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო საშინაო თუ საგარეო სტრატეგიული გეგმა წარმატებული იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0