საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება

25/07/2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი არაგადამდები დაავადებების შესახებ გამართულ ფორუმს დაესწრო. ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, შესაძლებელი გახადა არაგადამდები დაავადებების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა.

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. იგეგმება ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე,რეფერენტული ფასების დადგინდეს, რაც წარმატებული და აპრობირებული მექანიზმია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, უწყება აქტიურად მუშაობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, რათა დიაბეტის მართვის პრაქტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ფორუმის მონაწილეებმა არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის, ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, ჯანდაცვის ექსპერტები, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, აკადემიური წრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0