„საქმიანი ეზო” სოფელ ქვენობანში მოეწყო

26/02/2024

გურიის რეგიონი ერთ-ერთია იმ სამ სამიზნე რეგიონს შორის, სადაც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი – „ECO.Georgia” ხორციელდება. პროექტის ფარგლებში „საქმიანი ეზო” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მოეწყო. ეს რეგიონში მეოთხე „საქმიანი ეზოა“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, მოსახლეობა უზრუნველყოს ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ტრანსპორტირების მომსახურებითაც ისარგებლოს.

„საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით. გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო“ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 70 „საქმიანი ეზო“ იქნება მოწყობილი“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების ერთიანი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, დღეის მდგომარეობით მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლის ბოლომდე სამუშაოები, დამატებით, 16 ობიექტზე განხორციელდება. კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის – „ECO.Georgia” ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო. პროექტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0