საქართველო EBRD-ისთვის წარმატების ერთ-ერთ მაგალით ქვეყნად რჩება, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და მისი გამოცდილების გაზიარებით ბანკის ბევრი პარტნიორია დაინტერესებული. სერ სუმა ჩაკრაბარტიმ პრემიერ-მინისტრს ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წელი ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული იყო, თუმცა EBRD-ის სურს, საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს. მხარეებმა ასევე განიხილეს EBRD-ის ორგანიზებით საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.
საუბარი შეეხო ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, EBRD-ის პორტფელი პირდაპირ პასუხობს საქართველოში არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მიერ დაფინანსებულ ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა ენერგეტიკის სფეროს სწორი განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს. EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეფორმის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 მილიარდ ევროს აღემატება.
საქართველო EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება
06/03/2019