ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი, საიმედო და მჭიდრო პარტნიორია. ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბელარუსის პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ გააძლიერონ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები და ის თვისობრივად ახალ დონეზე იქნას აყვანილი.
„თუ აქამდე ჩვენ ძირითადად საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ბელარუსული ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო ტექნიკის მიმართულებით – იგივე, ბათუმისთვის ბელარუსული წარმოების ელექტრობუსების მიწოდება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ახლა საუბარი შედგა იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ლოგისტიკის სექტორში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე განცხადებით, ბელარუსული მხარე მზად არის, აქრტიურად ჩაერთოს ქართული აგრარული სექტორის თანამედროვე აგროტექნიკით უზრუნველყოფაში, ასევე ქართულ მხარესთან ერთად ტექნოპარკებისა და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განვითარებაში.
„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“, – აღნიშნა სერგეი რუმასმა შეხვედრაზე.