ევროპის საბჭოს (Council of Europe) ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივითა და ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, მათ შორის სტრატეგიული მიმართულებების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მეთოდოლოგია. ამასთან, ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესში საჯარო უწყებებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას. ვიდეოკონფერენციისას ასევე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და ქალთა გაძლიერებისათვის საქართველოში გატარებულ და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებზე. ყურდღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ინტეგრირების მნიშვნელობაზე.
„საქართველო შედის იმ 40-ზე ნაკლებ ქვეყანათა რიცხვში, რომელსაც ეროვნულ დონეზე აქვს ადამიანის უფლებათა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, ევროპის საბჭოს შემოთავაზების შედეგად გამოცდილებას ვუზიარებთ სხვა ქვეყნებსაც და ვაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ გადადგა ამ წლების განმავლობაში, როგორც სამოქმედო გეგმების, ისე სტრატეგიის შემუშავების მიზნით”, – აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების პრაქტიკაში განხორციელებისას ჩნდება.
„კოლეგებს გავუზიარეთ საქართველოს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე აღსრულების პროცესებთან დაკავშირებით. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საბჭოს, როგორც ქვეყანაში უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე საკოორდინაციო მექანიზმის თაობაზე”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობისა და გამოცდილების შემდგომი გაზირების მზადყოფნა გამოთქვეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივით მსგავსი ფორმატის შეხვედრები სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება.