„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID -19-ს ახალ ვირუსს უწოდებს, ახალ ვირუსთან ბრძოლა ახალ ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს და ვიდრე საქართველოში ფართომასშტაბიანი აგრესიული ტესტირება იქნება შესაძლებელი, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველო გადავიდეს კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაში მოსახლეობის დონეზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით“, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მარიამ ჯაშმა, რომელიც ამავდროულად ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეა, ბრიფინგზე კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მართვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მარიამ ჯაშის განცხადებით, COVID -19 პანდემიის პირობებში საქართველომ დღემდე ეფექტურად მართა სასაზღვრო ზონებში მაღალი რისკის ჯგუფების ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, საკარანტინო, სამკურნალო და კონტაქტების კვლევის ღონისძიებები, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მთავრობა აანონსებს, მოსალოდნელია ინფექციების, დაავადებათა გავრცელების ფართო, ახალი ფაზის დაწყება და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სავარაუდო ზრდა, რაც, მისივე თქმით, არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი, ასევე უნდა შეიცვალოს ამ დაავადებაზე კონტროლისადმი მიდგომები. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირი – UNITE რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს ოფიციალურ პოზიციებს, მანამდე კი მან ფრაქციის ორი ძირითადი რეკომენდაციის შესახებ გააკეთა განცხადება.
„სამხრეთ კორეის და ჩინეთის გამოცდილების საფუძველზე ჩვენს პირველ რეკომენდაციად კვლავაც რჩება მაქსიმალურად ფართო მასშტაბის, ე. წ. აგრესიული ტესტირება და საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსი ასევე კერძო სექტორის დაფინანსება, რომ რაც შეიძლება მეტი სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, რადგან მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოდ რჩება და ამ პერიოდში „აგრესიული“ ვერ ჩატარდება, ჩვენი მეორე რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ შეგროვებაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, დღემდე თუკი მთავარი აქცენტი კეთდებოდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე, მოსახლეობის აქტიურ ზედამხედველობაში მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება, რაც მოსახლეობის 90%-ზე მეტის მოცვის საშუალებას იძლევა. მარიამ ჯაშმა ყურადღება იმ საკითხებსაც დაუთმო, თუ როგორ შეიძლება მათი რეკომენდაციები განახორციელონ პრაქტიკაში, რათა მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვან და ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიური ზედამხედველობა. მარიამ ჯაშის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია გადადგას ინოვაციური ნაბიჯი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის მიდგომებში გლობალურ დონეზე.