საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე მთავარ მომხსენებლად გამოვიდა.
მან ისაუბრა პარლამენტარების ჩართულობის აუცილებლობაზე საყოველთაო ჯანდაცვის და კონკრეტულად გადამდები დაავადებების პროგრამების მხარდაჭერაში. მარიამ ჯაშმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და შედეგები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.
„საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს,” – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ღონისძიება გაეროს სააგენტოს UNAIDS და საპარლამენტთაშორისი ალიანსის UNITE ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ: გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე შანონ ჰადერი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე – UNITE პრეზიდენტი, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის ხელმძღვანელი ქერი ჯეიმსი და G20 დიდი ოცეულის მრჩეველი ჯანდაცვის სტრატეგიების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ალან დონელი.