საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის საშუალებაც და შესაძლებლობაც

20/09/2016

საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის საშუალებაც და შესაძლებლობაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ როგორ აფასებდა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც კვირაში ორჯერ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება და ივანიშვილი აცხადებს, რომ ის საინტერესო პიროვნებაა, სწორედ ამიტომ მიდიან მის პრესკონფერენციებზე ჟურნალისტები.

„საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის და ნებისმიერი ფორმით თვითგამოხატვის საშუალებაც და შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარი აგრესიის და ძალადობის გარეშე პასუხი გაეცეს აგრესიული მიდრეკილებების მქონე ადამიანებს და ასეთ პროცესებს, – ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ არჩევნების შემდეგ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

„პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა არსებობდნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები დესტრუქციულად წარმოუდგენიათ. პრეზიდენტი თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს და პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარი აგრესიის და ძალადობის გარეშე პასუხი გაეცეს ასეთი მიდრეკილებების ადამიანებს და ასეთ პროცესებს და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდად და სამართლებრივ გარემოში“, – განაცხადა მიშველაძემ .

მიშველაძე ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას იმის შესახებ, რომ პარტიებს წინასაარჩევნოდ მინისტრთა კაბინეტის შესაძლო შემადგენლობა გაცხადებული უნდა ჰქონდეთ, მიშველაძის თქმით, საარჩევნო პროცესში ურთიერთდაპირისპირებების და ბრალდებების ნაცვლად აუცილებელია და მნიშვნელოვანია გაიმართოს დებატები პარტიული პროგრამების და ხედვების გამოხატვის შესახებ და თუ მსგავსი რამ იქნება, ესეც შეუწყობს პროცესებს ხელს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა არჩევნების კონტექსტში დღესვე ისაუბრა პრეზიდენტის კამპანიაზე „შენი ხმა ჩვენი მომავალია“, რომელშიც ახალგაზრდების მეშვეობით ქვეყნის პირველი პირი ამომრჩევლებს გააქტიურებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ამ ეტაპისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროსკლასელები თავიანთ რეგიონებში მოუწოდებენ მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას. ამ ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლის მიზანიც საარჩევნო პროცესში თითოეული ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა. გარდა ამისა, ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც მოლოცვასთან ერთად პრეზიდენტი სტუდეტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამ კამპანიის სახელწოდება პირობითად არის „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა“, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0