საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას, რომელიც 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება, წელს საქართველო თავმჯდომარეობს.
„საბჭოზე უმაღლეს დონეზე განხილული იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემის მოდერნიზაციას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ჩვენ განათლების სექტორში ვახორციელებთ., ასევე – ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და მეტად ვისარგებლოთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. შესაბამისად, ამ კონტექსტში ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაც და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ რეფორმებზეც, რომლებსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ახალი ინიციატივების გაჟღერებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს და ამ ინიციატივებზე 5 მარტს ვისაუბრებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.