„საქართველო განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის სწორ გზაზე დგას. წარსული გამოცდილებისა და ნათელი ხედვის საფუძველზე, გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტური და ლეგიტიმური ჩარჩოა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ფართო ევროპულ რეგიონის პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოში საქართველოს როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის გასაგებად, საჭიროა არა მხოლოდ რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის განხილვა, არამედ 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, საქართველოს დინამიური შიდა პოლიტიკური განვითარების შეფასებაც.
„ორ კვირაში საქართველო აღნიშნავს პარლამენტარიზმის 100 წლისთავს.100 წლის წინ, 1919 წლის მარტში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, საქართველოში ჩამოყალიბდა პირველი პარლამენტი – საქართველოს დამფუძნებელი კრება. 1918 წელს შექმნილ პირველ ქართულ რესპუბლიკას ეწოდებოდა და ჭეშმარიტად იყო კიდეც დემოკრატიული რესპუბლიკა საკმაოდ პროგრესული კონსტიტუციით, რომელიც მისი არსებობის დასასრულს, 1921 წლის დასაწყისში იქნა მიღებული. გარდა ამისა, საქართველოს რესპუბლიკა იმართებოდა სოციალ-დემოკრატების მიერ, რომლებიც ქვეყანაში წამყვან ძალას წარმოადგენდნენ, და ფაქტობრივად, საქართველო პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომლის სათავეშიც სოციალ-დემოკრატები იყვნენ. საკმარისია ითქვას, რომ 1919 წელს, საქართველოს პირველი პარლამენტის – დამფუძნებელი კრების ხუთი წევრი, რომლებიც თავისუფლად იქნენ არჩეულნი სამართლიან არჩევნებში, წარმოადგენდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მანდილოსანს. საქართველოს პოლიტიკურ კლასს სურდა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ევროპულ სახელმწიფოდ გახდომა, რომელსაც პერსპექტივაში დამოუკიდებლად განვითარება ექნებოდა. თუმცა, პირველი რესპუბლიკის არსებობამ მხოლოდ სამ წელზე ნაკლები გასტანა, და 1921 წლის თებერვალში იგი ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერების მიერ საქართველოში გაგზავნილმა წითელმა არმიამ გაანადგურა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რასაც ჩვენი ქვეყანა ორი კვირის შემდეგ აღნიშნავს, სიმბოლური კავშირია პირველ რესპუბლიკასა და დღევანდელ საქართველოს შორის. მისივე შეფასებით, ეს კავშირი სიმბოლურიცაა და პრაქტიკულიც.
„დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო იმავე პრინციპებზე, პრიორიტეტებზე და მისწრაფებებზეა დაფუძნებული, რომელიც მის წინამორბედს ჰქონდა 100 წლის წინ. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს გამოწვევებიც იგივე აქვს, რომლებიც სათავეს წინა საუკუნის დასაწყისში იღებს: აგრესიული რუსეთი, არასტაბილური სამეზობლო, რთული საერთაშორისო გარემო და მწვავე დებატები ევროპული საზოგადოების მმართველი ღირებულებებისა და პრინციპების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის გასაცნობიერებლად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს მისწრაფება – გახდეს დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი – არ არის მხოლოდ მისი მმართველი გუნდის დროებითი ახირება, არამედ ეს არის მოსახლეობის ფუნდამენტური და თავისუფალი სურვილი, რომელიც მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს, თავისუფლებისათვის ბრძოლას და მშვიდობისა და განვითარების მოპოვებას ეფუძნება.
საკითხზე – რა შეიძლება საერთაშორისო პოლიტიკურმა გარემომ შესთავაზოს საქართველოს, საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები. მისი თქმით, საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების უპრეცედენტო კეთილი ნება გააჩნია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია.
„საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მათი პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე გულუხვი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გარეშე. ავსტრია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია, რისთვისაც ჩვენ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც, ახალბედა ქართული სახელმწიფო მწვავე კრიზისში აღმოჩნდა იმ სეპარატისტული მოძრაობების გამო, რომლებსაც პირველ რიგში, აღვივებდნენ საბჭოთა, და შემდეგ კი უკვე რუსული რევანშისტული ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობა. 1990-იან წლებში, პირდაპირ თუ ირიბად, სისხლიან კონფლიქტში მონაწილეობის შემდეგ, რუსეთი კვლავ ღიად შემოიჭრა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა სულ უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. თუმცაღა, რუსეთს მისმა აგრესიამ და შემდგომში ორი ქართული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციამ არ მოუტანა ის შედეგი, რაც მას სურდა. ქართველი ხალხი კიდევ უფრო მტკიცედ დადგა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატოს წევრი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო გაძლიერდა და უფრო სტაბილური გახდა.
„დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის აღჭურვილი და მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება, ხოლო ქართველი ხალხის ნდობა ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკისადმი მნიშვნელოვნად მაღალია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ისეთ ცხელ რეგიონში მდებარეობს, სადაც არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მარტო გაუმკლავდეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, პირველ რიგში კი, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მისი თქმით, საქართველოს ნამდვილად სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, თუმცა, ჩვენს ქვეყანას თავად შეაქვს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ავღანეთსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილით, საქართველო უკვე აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისათვის.
„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან მიუღწეველ ოცნებად გვეჩვენებოდა. თუმცა, ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ასევე ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, და უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს წარმატება გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმების აქტიური დღის წესრიგიდან ყველა იმ მიმართულებით, რაც წარმოადგენს იმ დაუღალავი შრომის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ საქართველო შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს 2022 წლისთვის და კიდევ უფრო წაიწევს წინ ევროკავშირის წევრობისაკენ. საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხი. მიუხედავად მთავრობის შემადგენლობისა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (85%-მდე) ირჩევს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, და მათი ეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ხელისუფლებას უძლიერებს რწმენას შიდა და საგარეო საკითხებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში. საქართველოს ტერიტორიების დაყოფა, რომელსაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეში აგდებს ყველა იმ ადამიანის უფლებებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხით, არამედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბავშვებს წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, და მოსახლეობას მკაცრად ეზღუდება თავისუფლად გადაადგილება. ამ დრომდე, ჩვენ გვყავს 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო მათი უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონო ოკუპაციით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნათელმა თუ ფარულმა მხარდაჭერამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალება – მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში, რაც ასევე დაუსჯელი დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მხოლოდ ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენ პროცესის ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, არ შეუქმნან დაბრკოლებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს.
„ჩვენ გწამს, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქართველებისათვის რუსული ოკუპაცია ყოველთვის დროებითი იყო. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ ეს უთანასწორო ბრძოლა პუტინის რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ პირობას, რომელიც აფხაზ და ოს ხალხს მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში გამოუვალი მდგომარეობის განცდა სულ უფრო იზრდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ქმედებებისა, საქართველო პრაგმატული პოლიტიკის სტრატეგიის ერთგული რჩება.
„აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს საკუთარ დაპირებას აფხაზი და ოსი ხალხისადმი: მოსკოვი კვლავაც აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით, ხოლო მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ გვარდება. ამრიგად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში სულ უფრო იზრდება გამოუვალი მდგომარეობის განცდა. მიუხედავად რუსეთის ქმედებებისა, ბოლო წლების მანძილზე, საქართველო ერთგული რჩება პრაგმატული ურთიერთობის სტრატეგიისადმი, ცდილობს, თავიდან აიცილოს ის პროვოკაციული სიტუაციები, რომლებიც იქმნება რუსეთის მრავალგზის უკანონო ძალისმიერი აგრესიის შედეგად საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ მოთმინება და სიმტკიცე გვმართებს ჩვენს წინააღმდეგობაში არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის მიმართ, არამედ იმ იდეოლოგიის მიმართ, რასაც მოსკოვი ატარებს: ავტორიტარიზმი, შეუწყნარებლობა, ოკუპაცია, ძალადობა და ქედმაღლობა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ასევე უსაფრთხოება, რათა დაარწმუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, რომ საქართველო ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა, სადაც მათ განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეეძლებათ.
„საუკუნეების მანძილზე, ჩვენ მშვიდობიანად თანავცხოვრობდით აფხაზებსა და ოსებთან, და გვწამს, რომ ამ მშვიდობიან თანაცხოვრებას დავიბრუნებთ მიუხედავად უხეში და არალეგიტიმური გარე ძალების ჩარევისა. ჩვენ მომხრე ვართ რუსეთთან კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისა. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს – ეს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული პოლიტიკის ქვაკუთხედს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას მიაღწია, როგორიც ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია.
„გავაუმჯობესეთ მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს და ეს ნაბიჯები არ გადადგმულა ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ფუნდამენტური პატივისცემის დათმობის ხარჯზე.
ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას არ მიუღწევია ბოლო 25 წლის მანძილზე. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავეა, თუმცა წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს მთავრობას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა და განაცხადა რომ რეფორმის წარმატებით დასრულებით, კანონის უზენაესობის სულ უფრო გაძლიერების ტენდენცია შეუქცევადი გახდა.
„საქართველოში კანონის უზენაესობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ძლიერდება. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულებით კი ეს ტენდენცია უკვე შეუქცევადი გახდა. საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, დღეს უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა. საფრთხის მომცველი სუპერ-საპრეზიდენტოდან უფრო დაბალანსებულ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა არ იყო ადვილი. მანამდე არსებული საკონსტიტუციო სტრუქტურა არამყარი და მერყევი იყო და აკლდა ძალაუფლების გადანაწილების ფუნდამენტური დებულებები. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის საკონსტიტუციო როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, მოახდენს მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალის უზურპაციის პრევენციას. დღეს ჩვენი შემდეგი ამოცანა არის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება სამთავრობო უწყებებზე. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები მიმართულია ჩვენი ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების, რაც ქართული დემოკრატიის აკვანი იყო, გაძლიერებისა და ეფექტურობისაკენ“, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის.
„პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხელისუფლებამ განახორციელა მთავარი საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა კი არ გაიზარდა, არამედ ოპოზიციას მიენიჭა უკეთესი შესაძლებლობა 2020 წლისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში უფრო ეფექტური კონკურენციისათვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით არა ალტრუისტული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების უფრო მეტი ლეგიტიმაციის მიზნით, რაც ასე ძალიან აკლდა საქართველოს პოლიტიკას წინა ათწლეულებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება დემოკრატიზაციის იმ პროცესის მხოლოდ ნაწილია, რომელმაც ხუთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით უფრო დიდი სტიმული მიიღო.
„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას უკვე აქვს თავისუფალი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, და მზარდი საერთაშორისო რეპუტაცია, როგორც საუკეთესო რეფორმატორისა მმართველობის თითქმის ყველა ასპექტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, საქართველომ მიაღწია წლიურ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას რომელიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსის უპირატესობის გარეშე.
„ჩვენი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი და გამორჩეულია რეგიონის მასშტაბით, რადგან რეგიონი ჩაფლულია ეკონომიკურ სტაგნაციასა და რეცესიაშიც კი. საქართველოს უპირატესობები გადის ძლიერ ეკონომიკურ გაცვლაზე არ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბერალურ საერთაშორისო სავაჭრო წესრიგს. გვწამს, რომ საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს და მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკით შეძლებს განვითარებას და წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რეგიონული სავაჭრო, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ენერგო-დინებებისა და კულტურული ურთიერთობის ცენტრად პოზიციონირებით, საქართველო ცდილობს, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება.
„გარდა შიდა ეკონომიკური რეფორმებისა, ასევე დიდად ვაფასებთ ჩვენს საერთაშორისო კავშირებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული ფაქტორი. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან, რაც უდიდეს უპირატესობას გვანიჭებს რეგიონალურ ვაჭრობაში, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული სავაჭრო შესაძლებლობები. ჩვენ ღია ვართ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-სთან იქნება არა მხოლოდ უდიდესი ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული აქტივიც საქართველოსათვის. კარგად ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვა დამაჯერებელ პირობად გადაიქცეს. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკის განვითარება არის ნიშანი ხელისუფლების ჭეშმარიტი მზაობისა მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართ. ჩვენ მზად ვართ, შევამციროთ სიღარიბე და მოვახდინოთ სოციალური კეთილდღეობის სტანდარტების გაუმჯობესება. საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების მანძილზე იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება შედარებით სუსტმა ეკონომიკამ მოახდინოს მოქალაქეების სოციალური საჭიროებების პრიორიტიზირება და მიმართული იყოს გრძელვადიან განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის სწორ გზაზე დგას.
„საქართველო ასევე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის სწორ გზას ადგას. ჩვენი წარსული გამოცდილებისა და ნათელი ხედვის საფუძველზე, გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტური და ლეგიტიმური ჩარჩოა საქართველოს მომავლისათვის. ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა მტკიცედ დგას ამ ხედვაზე და ამ ხედვას აუცილებლად განვახორციელებთ საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების, პირველ რიგში, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას, ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.