საქართველო არ უნდა იჭრებოდეს ისეთ სფეროში, რითაც ამ რეზოლუციის პროექტით იჭრება

26/12/2016

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პარლამენტის განცხადების პროექტი ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ გახდა კამათის თემა. საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის განცხადების პროექტი სახელწოდებით, „ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად წარადგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დაინტერესდა, ევროპის რომელიმე ქვეყნის პარლამენტს მსგავსი შინაარსის რეზოლუცია ან განცხადება აქვს თუ არა მიღებული, რაზეც უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განმარტა, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით ყველა წამყვანმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე საკუთარი პოზიცია საქართველომაც უნდა გამოხატოს.
ბიუროს სხდომაზე გამართული დისკუსიისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას პროვოკაციული უწოდა. ინაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტის მიღება რუსეთის „წისქვილზე ასხამს წყალს“ და ხელ-ფეხს უხსნის მას განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ინაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ აღნიშნული პროექტის შეთავაზებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დირექტივა რუსეთის სპეცსამსახურებიდან ჰქონდეს მიღებული.

„საქართველო არ უნდა იჭრებოდეს ისეთ სფეროში, რითაც ამ რეზოლუციის პროექტით იჭრება“, – განაცხადა ინაშვილმა.

კამათის დასასრულს, გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად პარლამენტის ბიურომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, რეზოლუციის პროექტი უკვე პარლამენტის დღის წესრიგშია და მას მოუწევს „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტზე ჩვეულებრივი განხილვის რეჟიმში მსჯელობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0