ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდის „მეოხი 2004“ ინიციატივით, ქ. დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში 1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრების – ყარსიმაშვილი დავითის, კარიაული უშანგის, პეტრიაშვილი დავითის, ციგრიაშვილი ნიკოლოზის და მირზიაშვილი თამაზის სახელობის მემორიალური სტენდი გაიხსნა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, სკოლის პედკოლექტივთან და მოსწავლეებთან ერთად პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს – წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეომართა სულის მოსახსენებლად, მამა დავით ოქრუაშვილის მიერ აღვლენილ იქნა პანაშვიდი.
“საქართველო არის გმირების ქვეყანა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად, მომავალი თაობა კი ასეთ მაგალითებზე გავზარდოთ“- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა ნაყეურმა.
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – გიორგი თანიაშვილი, ზაქარია ხეხელაშვილი და თამაზ უნდილაშვილი, ფონდის “მეოხი 2004” დამფუძნებლები დავით გოჩიტაშვილი და თემურ მირაქიშვილი.
ფონდის სახელით ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.