კომპანია EPAM-ი საქართველოში საკუთარ ოფისს გახსნის და საქართველოს მოქალაქეებისთვის 1000-მდე მაღალანაზღაურებად ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
“როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფით დაკავებული კომპანიებისთვის განსაკუთრებული დაბეგვრის რეჟიმი დაწესებულიყო, კერძოდ, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ზე დაწია. ჩვენ გვაქვს უკვე პირველი დადებითი შედეგი და გამოხმაურება ამ გადაწყვეტილების – საქართველოში შემოვიდა ძალიან მსხვილი ამერიკული IT-კომპანია EPAM-ი. კომპანია საქართველოში თავისი ბიზნესის რელოკაციას ახდენს, უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
“ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში არჩევნებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
“ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ. „ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგიებთან შეთანხმებით. ასევე ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან წარმოადგინონ ნეგატიური ტესტის შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.