საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება.

17/07/2022

იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და 3 კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოდორნაში ახლადაშენებულ „საქმიანი ეზოში“ იმყოფებოდნენ და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ამ რეფორმებში „საქმიანი ეზოს“ როლზეც ისაუბრეს. პროექტის მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიიდან საშეშე მერქანის მოპოვება, ტრანსპორტირება და სარეალიზაციოდ დამუშავება „საქმიან ეზოებში“, რაზეც, ძირითადად, ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება დასაქმებული. როგორც მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრიივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე იქნება გამარტივებული წვდომა.

„იაპონელები და ქართველები ტყის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიღრმისეულ კულტურული კავშირით გამოვირჩევით. ტყის აღდგენა და კონსერვაცია იაპონიის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მოხარულები ვართ, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ, ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები“, – აღნიშნა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ.

პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ – იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.

“UNDP მიესალმება ახალ ტყის კოდექსს, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ხედვა ტყის გაჩეხვის შემცირებასთან და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით. ტყის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს ვუწყობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მიდგომების დანერგვას“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. რეგიონის დაახლოებით 43,000 -მდე მაცხოვრებელი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ საწვავს – ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0