საქართველოში პირველად ხდება, რომ მმართველი პარტია საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს საკუთარი ხელით იუარესებს

07/05/2017

პირველად ხდება საქართველოში ის, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს საკუთარი ხელით იუარესებს და ეს კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის საერთო ინტერესი იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჩოხატაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

”ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. დღეს მოქმედებს საარჩევნო სისტემა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბალი რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ჩვენ ფუნდამენტურად განსხვავებულ სისტემაზე – შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. დღევანდელი სისტემა სამართლებრივი კუთხით კრიტიკის საგანი ვერ იქნება, მაგრამ პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემას ვცვლით, რადგან გვქონდა ძალიან ცუდი გამოცდილება, როცა ამ სისტემის გამოყენებით ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და ეს სისტემა გამოიყენა ბოროტად, ხელისუფლების უზურპაციისთვის. ამ სისტემამ მისცა წინა ხელისუფლებებს საშუალება, ჩამოეყალიბებინათ ნახევრად ავტორიტარული ან ავტორიტარული მმართველობა. სწორედ ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალოს და დღეს არსებული შერეული მოდელიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნების საკითხზე და ასევე, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნების ინიციატივაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ამ მიმართულებით სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რადგან პლურალიზმის ხარისხის გაზრდასთან ერთად, კიდევ ერთი მიზანი, სტაბილურობის ინტერესის დაცვაა.

”ეს სისტემა უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0