საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარები ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას.
შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით მწვანე წყალბადის მომავლის ტექნოლოგიას რეალობად აქცევს.
დღეს გაფორმებული დეკლარაციის ძირითადი მიზნებია:
საქართველოში მწვანე წყალბადის პონტეციალისა და სარგებლის შეფასება;
პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველჰყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად;
იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა.
ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის. მისივე განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის – გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში.