საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე – „ბიზნეს სახლი“ იქმნება. 8 სექტემბერს, თბილისში, დიმიტრი გულიას ქ. N3-ში გაიმართა „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა, „ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში – როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ. „ჩვენ პრაქტიკულად შევქმნით იმ ადგილს, სადაც ინვესტორი შეძლებს მოსვლას და გაგებას იმისა, თუ რა საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად მას ექმნება შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სერვისი ერთობლივად, ერთ სივრცეში. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა სახელმწიფო სერვისებისა, აქ აუცილებლად იქნებიან იურიდიული კომპანიები, აუდიტორული კომპანიები, კომუნალური კომპანიები, აუცილებლად იქნებიან ბანკები და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა, პროექტი გულისხმობს ძალიან დიდ მმართველობით რეფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია როგორც, ასე ვთქვათ, ბექოფისებში, ასევე მმართველობით ნაწილში იმ ორგანიზაციებიდან, საიდანაც უნდა იყოს მოწოდებული შესაბამისი სერვისები“ – აღნიშნა მედიასთან საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდება მთავრობის უმნიშვნელოვანესი რეფორმების ნაწილია და გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო სისტემის გარდაქმნას. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა უწყებებში არიან „ფრონტ ოფისებში“, გადმოვიყვანთ აქ და სწორედ ამ ადამიანებით დაკომპლექტდება ახალი „ბიზნეს სახლი“. ჩვენ არ ვაპირებთ ბიუროკრატიის გაზრდას, პირიქით, მთელი ამოცანა ამ მმართველობითი რეფორმის არის ბიუროკრატიის ოპტიმიზაცია და შესაბამისად, იმ ადამიანური რესურსების გამოყენება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოში გაგვაჩნია“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ბიზნეს სახლის“ შექმნის კონცეფცია მომხმარებლის გამოცდილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა. შესაბამისად, შეიქმნა სივრცეები სერვისების ტიპების მიხედვით, როგორიცაა: სწრაფი, ხანგრძლივი და საკონსულტაციო. „ბიზნეს სახლში“ სერვისის მიწოდების მოდელის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა სერვისის ტიპი და მიწოდების დრო. შესაბამისად, შეიქმნება სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს ბიზნესს სერვისების და განსაკუთრებით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რისთვისაც ასევე შეიქმნება სწრაფი და ხანგრძლივი კონსულტაციების სივრცეები. „ბიზნეს სახლი“ არ არის მხოლოდ ერთიანი მომსახურების ფიზიკური სივრცე, ის ასევე ითვალისწინებს ციფრულ და შესაბამისად, გამარტივებულ პროცესებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, მიიღოს ნებისმიერი საჭირო სერვისი თუ ინფორმაცია ნებისმიერ ადგილას – როგორც სახლიდან გაუსვლელად, ისე ოფისში და უშუალოდ „ბიზნეს სახლში“. ასევე დაინერგება „მხოლოდ ერთხელ“ (once only/მხოლოდ ერთხელ – ბიზნეს სახლის ერთ-ერთი პრინციპი) პრინციპი, რაც გულისხმობს მომხმარებლის უფლებას, მის შესახებ ინფორმაცია საჯარო ადმინისტრაციას მიაწოდოს მხოლოდ ერთხელ — იმავე ან სხვა უწყებისთვის ყოველი შემდგომი მიმართვისას, მათი ხელახალი წარდგენის ვალდებულების გარეშე (სახელმწიფო სტრუქტურები თვითონ გამოითხოვენ ამ ინფორმაციებს). ახალი სისტემები უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და მომხმარებლის გაზრდილი ინფორმირებულობის შესაძლებლობას – მომხმარებელს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს იმ მომსახურების პროცესის პროგრესს, რომლითაც ის სარგებლობს. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისებზე ხელმისავწდომობა. მთლიანად სახელმწიფო გახდება მომხმარებელზე ორიენტირებული და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მაღალი ხარისხის სერვისს, მნიშვნელოვნად დაიზოგება როგოც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დრო. „ბიზნეს სახლში“ შეიქმნება დამატებითი სივრცეები სხვადასხვა კომერციული მომსახურეობისთვის – როგორიცაა საბანკო, სამართლებრივი, უძრავი ქონების, კომუნალური და სხვა. ასევე, იქნება სივრცეები კაფე/ბარი/რესტორნებისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და ბიზნესს, მათ შორის თანამშრომლობა წარიმართოს უფრო საქმიან, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში. „ბიზნეს სახლის“ ყოველი სივრცე ისეა შემუშავებული, რომ სათანადო დონეზე უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას და კომფორტს. „ბიზნეს სახლი“ განთავსდება 16 000 მ2 შენობაში, რომელიც აშენდება დიმიტრი გულიას ქუჩაზე, N 3. მშენებლობისთვის გამოიყო 1.3 ჰა ტერიტორია. „ბიზნეს სახლში“ დასაქმებული, 250-მდე კვალიფიციური თანამშრომელი ყოველდღიურად 1200-მდე მომხმარებელს 600-ზე მეტ სერვისს მიაწვდის. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმო შენობის იერსახეს – ეს არის თანამედროვე, ინოვაციური, ენერგოეფექტური შენობა (ეს იქნება პირველი „მწვანე შენობის“ ვერცხლის სერთიფიკატის მქონე შენობა საქართველოში). მეორე მხრივ, შენობის დიზაინი შთაგონებულია ტრადიციული ქართული არქიტექტურით, ბუნებრივად ჯდება და მრავალფეროვნებას მატებს ქალაქის იერსახეს. ამასთან, შენობის ფუნქციონალურობა და მისი პრაქტიკული მიზნით გამოყენება სრულად პასუხობს მომავლის გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, რომ „ბიზნეს სახლის“ თანამშრომლებს მუშაობის კარგი პირობები ექნებათ. შენობის ყველა ნაწილს აქვს ბუნებრივი განათება და ვენტილაცია. თანამშრომლები ისარგებლებენ ისეთი მომსახურებით, როგორიცაა დიდი კაფეტერია, საბავშვო ბაღი და სპორტული დარბაზი. ამასთან, ისევე როგორც ვიზიტორებს, მათაც შეეძლებათ რამდენიმე ღია სივრცის გამოყენება შენობის გარშემო თუ მის სახურავზე. შენობის დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ მის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა – ვიზიტორებმა თუ თანამშრომელებმა თავისუფლად, ყოველგვარი სირთულის გარეშე შეძლონ გადაადგილება.
საქართველოში ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე შეიქმნება
08/09/2016