განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, წელს საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნება. ევროკომისიის ინიციატივას საქართველო მეორედ შეუერთდა. სპეციალურად კვირეულისთვის, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო. სოფელში სპორტის სხვადასხვა სახეობა სპორტულმა ფედერაციებმა წარადგინეს. 3 დღის განმავლობაში აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
სპორტული სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია 28 სექტემბერს გაიმართა. პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა საჩვენებელი შოუ მოაწყვეს. დასკვნით დღეს გაიმართა ჩოგბურთის ტურნირი სამინისტროებს შორის. სპორტულ სოფელში მოეწყო ამერიკული კუთხე, სადაც აშშ-ის წარმოების სპორტული და რეტრო ავტომობილები იყო წარმოდგენილი.
სხვადასხვა აქტივობაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის, სამინისტროს, თბილისის მერიისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ჩაერთნენ. ლერი ხაბელოვი ევროპის სპორტის კვირეულის საპატიო ელჩად აირჩიეს.
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა გარბენი. საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კი პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა ყაზახეთს უმასპინძლა.
კვირეული საზეიმოდ 23 სექტემბერს, ბათუმში გაიხსნა და 30 სექტემბერს დასრულდება. სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.
საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნება
29/09/2019