საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება

19/09/2019

საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება, რომელიც ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება. პროექტს პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი უწევს. ცენტრის მშენებლობის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID-ის მიერ (USAID, Washington DC) 700 000 დოლარის ოდენობით. პროექტი ხორციელდება Global Healing-თან და St. Jude Children’s Research Hospital-თან ერთად. ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაციაზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა მარიამ ჯაშმა ბავშვთა ონკოლოგიის ბრძოლის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების, ასევე პედიატრიული ონკოლოგიის მკურნალობის ხარისხისა და დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„29 წელია, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს ჩვენი საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემას – ბავშვთა ონკოლოგიას.

ეს პრობლემა განსაკუთრებულია არამხოლოდ დაავადებასთან დაკავშირებული სირთულეების, არამედ განსაკუთრებით ძვირადღირებული მკურნალობის აუცილებლობის გამო. მიუხედავად ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, ჩვენ ეს საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. თითოეული ბავშვი, რომელსაც შეეხო ეს მძიმე დაავადება, იმსახურებს, რომ ჰქონდეს უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დღეს სწორედ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ვიწყებთ ბავშვთა ონკოლოგიასთან ბრძოლის ფინალურ ეტაპს. პედიატრიული ონკოლოგიის ხარისხის და დაფინანსების საკითხს ჩვენ ვერ გადავჭრით, ვიდრე არ მოხდება საქართველოში შესაბამისი ხარისხის დიაგნოსტიკური და სამკურნალო ცენტრის შექმნა. ასეთი ცენტრის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წლიდან დავიწყეთ, როდესაც საქართველოს სოლიდარობის ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩაატარა შეფასება. მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტების – Dana Farber-ის, St. Jude’s და Global Healing ერთობლივი რეკომენდაციებით ჯოენის სამედიცინო ცენტრის ბაზა ჩაითვალა ყველაზე შესაფერისად თანამედროვე სტანდარტების პედიატრიული ონკოლოგიის ცენტრის დასაფუძნებლად.“
მარიამ ჯაშმა ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მუშაობას პედიატრიული ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის საკითხზე.

„აშშ მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მრავალრიცხოვან სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს დღეს ჯო ენის პროექტიც ემატება, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი აშშ საელჩოს და ამერიკელ კოლეგებს.
საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ჯოენის პროექტის დასასრულებლად ჩვენ ვიწყებთ კერძო და საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაციას.

3 წელიწადში უნდა დავასრულოთ ბავშვთა ონკოლოგიის პრობლემა საქართველოში და ეს რეალურ იქნება, თუკი გავერთიანდებით.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტი იზრუნებს, რომ გაიზარდოს არსებული პედიატრიული ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და მოხდეს ბავშვთა ონკოლოგიის დიაგნოსტიკური და სამკურნალო სტანდარტების გადახედვა თანამედროვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.“
საქართველოში 1990-იანი წლებიდან ვითარდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის სახელმწიფო პროგრამა და იაშვილის საავადმყოფოს ბაზაზე არსებული ცენტრი.
2010 წელს სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად შეიქმნა ბერი ანდრიას ფონდი. ფონდმა დღემდე 4 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო და 500-ზე მეტ ბავშვს გაუწია თანადგომა.
2013 წელს ქართველი ჟურნალისტების ინიციატივით ჩამოყალიბდა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. საერთო ჯამში, დიმიტრი ცინცაძის ფონდმა 2.5 მილიონი ლარის მობილიზება და 324 ბავშვის მხარდაჭერა შეძლო.
2014 წელს საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით შეიქმნა საქართველოს სოლიდარობის ფონდი და მისი მიზანი გახდა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 5 წელიწადში 50,000 საჯარო მოხელის და 500 ორგანიზაციის დახმარებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა შეძლო 17 მილიონი ლარის მობილიზება და 685 ბავშვის მხარდაჭერა.
2016 წლიდან თბილისის მერია უზრუნველყოფს თბილისში მაცხოვრებელი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ძვლის ტვინის გადანერგვის დაფინანსებას საზღვარგარეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0