„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრემიერ-მინისტრს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შეისწავლეს სააფთიაქო ბაზარზე არსებული მდგომარეობა საქართველოში და მეზობელ თურქეთში და ერთი და იგივე ფარმაცევტული პროდუქციის საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ბაღათურიას ინფორმაციით, საქართველოში წამლების ფასები, თურქეთთან შედარებით თითქმის 300-400%-მდე ძვირი ღირს.
„მინდა, ჩვენს კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადო, რომ საქართველოში ადგილი აქვს ოლიგარქებს შორის ფარულ გარიგებას. უმდიდრესი ადამიანები იმყოფებიან ფარულ გარიგებაში იმ მიზნით, რომ გაძარცვონ პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ეს არის ოთხი ძირითადი ოპერატორი კომპანია, აქედან ორი აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, ხოლო ორი – „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი არიან პოლიტიკაში ჩარეული ადიამიანები. მათ შორის არსებობს კარტელური შეთანხმება, რომელზეც მტკიცებულებებს გადავცემთ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პრემიერისგან მოვითხოვთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით მასალები პროკურატურას გადაეგზავნოს, საკითხი შეისწავლოს კონკურენციის სააგენტომაც“, – განაცხადა ბაღათურიამ.