საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს

26/09/2017

საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ფედერაციის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა შეაფასეს.
მათ ჩვენი ინფრასტრუქტურა მიიჩნიეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს. რა თქმა უნდა, 2023 წლამდე ჩვენ გასაწევი გვაქვს გარკვეული სამუშაო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი კურორტები ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარებისთვის არის საჭირო.
თუ ჩვენ მოვიგებთ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, საქართველოში 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა, საქართველოსა და ზამთრის სპორტის სახეობების ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მოხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალი დონის ამოცანაა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, მეტად ჩაერთონ და გაიკაჟონ ჯანმრთელობა. ჩვენ ამ მიმართულებით წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ. გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო ხელმისაწვდომ ფასად სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ვაფინანსებთ ზამთრის სათხილამურო სკოლებს და მომავალ წელსაც განვაგრძობთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ასევე განვაგრძობთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებელია ამ კუთხით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0