საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ წარადგინა 12 პუნქტის შესრულების გეგმა და ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ივნისის ბოლომდე სათანადოდ შესრულდა

25/07/2023

„ევროინტეგრაცია არის გრძელვადიანი, მრავალწლიანი პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მიმდინარე წელს, არამედ მომდევნო წლების განმავლობაში, მუდმივად გაგრძელდეს კონსულტაციები ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმებას და ყველა იმ ამოცანის შესრულებას, რომელიც ზოგადად ამ პროცესთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ განაცხადა.

მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და საბოლოოდ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებასთან.
კობახიძის შეფასებით, დღევანდელი კონფერენცია ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ წარადგინა 12 პუნქტის შესრულების გეგმა და ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ივნისის ბოლომდე სათანადოდ შესრულდა.

„12 პუნქტი ძირითადად უკავშირდება კანონმდებლობის გადასინჯვას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა. რეგლამენტში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც იძლევა კარგ საფუძველს იმისთვის, რომ თვისობრივად გაუმჯობესდეს მთავრობის მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხი. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს სასამართლოს ნაწილშიც. ჩვენ გავყევით ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილება. ჩვენ პირნათელი ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების უმრავლესობა ეხებოდა პრაქტიკულად გადასადგმელ ნაბიჯებს.

„ერთი იყო სასამართლოს საკითხი, რომელიც უკავშირდება უფრო ფართო რეფორმის განხორციელებას, გვჭირდება კონსულტაციები და მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სასამართლოს ფართო რეფორმაში კანონმდებლობის დონეზე და ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციებისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე თქმით, 12 პუნქტიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს დეოლიგარქიზაცია წარმოადგენს. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ასახულია პარტნიორების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები.

„რეკომენდაციის თანახმად, ჩვენ არ უნდა მივიღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ამ კანონის მიღება მეორე მოსმენაზე გავაჩერეთ. წარმოდგენილი რეკომენდაციები უკვე ავსახეთ კანონმდებლობაში, ამიტომ აქ გვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა შეიძლება გაკეთდეს მეტი, პარტიების დაფინანსების კუთხით. ჩვენ ვხედავთ ერთ პრობლემას დეოლიგარქიზაციის თემის კუთხით – თუ არ გვექნება კონკრეტიკა, ეს საკითხი დარჩება ერთგვარ ღია ჭრილობად. დეოლიგარქიზაცია წაყენებული არის სამივე ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ, თუმცა საჭიროა კონკრეტიკა. თუ არ იქნება კონკრეტიკა, მათ შორის პერსონიზირებული კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციის პრობლემა ვერ გადაიჭრება. ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რომ კონკრეტული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ღიად რჩება საკითხი. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამაზე გვექნება დამატებითი კონსულტაციები. გვჭირდება გარანტიები, რომ საკითხი იქნება გადაწყვეტილი ამ კანონის მიღების გარეშეც და ნათელი მოეფინება პრობლემის არსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შესასრულებელია ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით, ეს არის დეპოლარიზაცია.

„კონკრეტული რეკომენდაციებია წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, მათ შორის, რომელიც უკავშირდება უხეში რიტორიკის დასრულებას. ეს არის ის პუნქტი, რომლის შესრულების გარშემოც ყველაზე რთული იქნება პროგრესის მიღწევა. ჩვენ გვაქვს ჭარბი პოლარიზაცია, რადიკალიზმი და ლეგიტიმაციის არაღიარება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. პრობლემა არსებობს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით რთულია არსებითი თვისობრივი პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, თუ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის კანდიდატის წევრობის საკითხი გამოიყენება პოლარიზაციის ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად. ის თემა, რომელიც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო პოზიტიური და განვითარებისთვის იმპულსების მიმცემი – აქტიურად გამოიყენება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღვივდეს პოლარიზაცია. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების თაობაზე შარშანდელმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას. როცა საუბარი გვაქვს დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, აქაც იგივე იქნება. თუ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისობრივად შემცირებას. თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება – ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული პოლარიზებული გარემოს შენარჩუნებას. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეულ ჩვენგანს ამ კუთხით გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კონკრეტული პროცესის მიმართ, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობის გამოხატულება. იმედი გვაქვს, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებით, სათანადოდ იქნება ჩართული იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ჩვენი საბოლოო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის შესრულებას, რაც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0