საქართველოს საქველმოქმედო ვიზიტით, ფონდ “აი იას“ ეგიდით, მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობს. საქველმოქმედო ფონდი “აი ია“ დაფუძნებულია ვანო ჩხარტიშვილისა და მისი მეუღლის, ნანა გოთუას მიერ და იგი სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია -აბილიტაციის მიზნით შეიქმნა. ფონდი წლებია ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ვიზიტის ფარგლებში, პრინცესამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა. საპატიო სტუმართა შორის არიან: საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და მონაკოს სამთავროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის დირექტორი იზაბელ ბონალი. დელეგაციის წევრები სპორტულ კომპლექსში მდებარე რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრნენ. მონაკოს სამთავროს სახელით, პრინცესამ სარაგბო კლუბ „თბილისს“ მიკროავტობუსი გადასცა. ვიზიტის დასასრულს, მონაკოს დელეგაცია საქველმოქმედო ფონდ “აი ია -ს“ ესტუმრა, სადაც პრინცესას ფონდის დამფუძნებლებისგან ბორდის საპატიო წევრობის სიგელი გადაეცა. ასევე, პრინცესას ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა იმ საქველმოქმედო პროექტებში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც იგი ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის პროექტებით ახორციელებს.
საქართველოს საქველმოქმედო ვიზიტით, ფონდ ,,აი იას“ ეგიდით, მონაკოს პრინცესა და მონაკოს სამეფო დელეგაცია ესტუმრა
07/10/2020