საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 20 წლისაა

29/09/2018

საკანონმდებლო მაცნე დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. უწყების თანამშრომლებს იუბილე იუსტიციის მინისტრმა მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახლებული მაცნეს საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
შეკრებილ სტუმრებს იუბილე მიულოცა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომლის ბრძანებითაც დაარსდა საკანონმდებლო მაცნე 1998 წელს, ჭანტურიას იუსტიციის მინისტრობის დროს.
განახლებული ინფრასტრუქტურა; აღდგენილი სტამბა კანონმდებლობის ბეჭდური ვერსიების გამოსაცემად; მობილური აპლიკაციები კანონმდებლობის მეტი ხელმისაწვდომობისთვის; სპეციალური ვებგვერდი და ფუნქციონალი შშმ პირებისთვის; ბეჭდური ვერსიების მარტივად შესაძენად თვითმომსახურების აპარატები უმაღლეს სასწავლებლებსა და სასამართლოებში (ე.წ. ვენდინგ აპარატები); ონლაინ მაღაზია სახლში მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით; მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც მუშაობს ევროპული კანონმდებლობის პროფესიონალურ თარგმანზე და ქართული კანონების ინგლისურ ენაზე თარგმნისთვის; მაცნეს კლუბი, რომელიც უნიკალური პლატფორმაა მომავალი იურისტებისთვის − ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბოლო 5 წლის განმავლობაში საკანონმდებლო მაცნეს საქმიანობა იყო ორიენტირებული.
2013 წელს, იუსტიციის მინისტრის ინიციტივით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უფასო გახდა მანამდე ფასიანი სერვისი – საკანონმდებლო აქტების ყველა ეტაპის კონსოლიდირებული ვერსიების გაცნობა; ფუნქციონირება დაიწყო მაცნეს offline საძიებო პროგრამამ, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის კანონზე წვდომა გააადვილა.
გაუმჯობესდა გამოქვეყნებულ აქტებზე მომხმარებლის მიერ კომენტარების დატოვების ფუნქციონალი. ცვლილებების მიზანია, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს საკანონმდებლო ბაზაში დაცული საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები.
აღდგა მაცნეს სტამბა, რითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, ხელმისაწვდომ ფასად გაეცნონ საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ და სანდო ბეჭდურ ვერსიებს. საიტზე (http\://matsnebooks.gov.ge./Book) განთავსებულია გამოცემების კატალოგი და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს ესა თუ ის გამოცემა და ისარგებლოს ბინაზე მიტანის სერვისით.
ამავე წელს, თეა წულუკიანის ინიციატივით, შეიქმნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდაიქმნა და რომელიც საკანონმდებლო აქტების პროფესიულ თარგმანს ასრულებს. მთარგმნელობითი ცენტრის შექმნა იმ აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა საკანონმდებლო აქტების პროფესიული ნათარგმნი ვერსიები. თარგმანები იყო ფრაგმენტული და არცერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს; სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობრივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერესებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ეს სტრუქტურული ერთეული. მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივდა საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ უკვე შეუძლიათ, ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი. საკანონმდებლო მაცნე რეგულარულად აქვეყნებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც სამართლებრივი სფეროს, ისე ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის.
2014 წელს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მაცნემ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების დარბაზებში ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსა უწყვეტი კვების წყაროთი აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერები. ამ კომპიუტერების საშუალებით სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა. ამავე წელს დასრულდა მუშაობა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ხმის მიცემის აპარატში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საძიებო სისტემის აპლიკაციის ინტეგრირებაზე.
2015 წელს შეიქმნა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია „IOS“ და „Android“ პლატფორმაზე. მომხმარებლებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით სარგებლობდნენ ვებგვერდით, ამიერიდან საშუალება აქვთ, აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ მაცნეს სერვისი მარტივად და კომფორტულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა

შესაძლებელია მითითებული ბმულებიდან:
► IOS – https\://goo.gl/wtLoFv
► Android – https\://goo.gl/DutPwN

მაცნეს მობილურ აპლიკაციას (IOS და Android პლატფორმისთვის) დღეს უკვე აქტიურად იყენებს 17 000-მდე მომხმარებელი.
ამავე წელს „British Council“-თან თანამშრომლობის შედეგად მაცნეს მთარგმნელებმა კემბრიჯის ILEC სერტიფიკატები მოიპოვეს.
2017 წელს საკანონმდებლო მაცნემ დამწყები იურისტებისთვის ახალგაზრდული პროექტი „მაცნეს კლუბი“ დააარსა. ეს არის უნიკალური პლატფორმა მომავალი იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. შეიქმნა მთარგმნელობითი ცენტრის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ონლაინ ტერმინოლოგიური ლექსიკონი (matsnedictionary.gov.ge), რომელიც მუდმივად ახლდება.
2018 წელს თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მისაღებებში განთავსდა საკანონმდებლო მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნების გასაყიდი თვითმომსახურების აპარატები.
მაცნე ზრუნავს მოსახლეობის იმ ნაწილზეც, ვისთვისაც ინფორმაციასთან წვდომა სირთულეს წარმოადგენს. სპეციალურად შეიქმნა დომენი https\://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.
თითქმის დასრულებულია პროექტი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება, „Dropbox“-სა და „Google Drive“-ს მეშვეობით გადმოწეროს საკანონმდებლო აქტები ნებისმიერი მოწყობილობიდან. მაცნეს საიტის მომხმარებელს შეუძლია, მოუსმინოს გახმოვანებულ საკანონმდებლო აქტებსაც. ამოქმედდა ვებგვერდის ოფლაინ საძიებო სისტემა, რომლის გამოყენებაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე არის შესაძლებელი. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 1998 წელს იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის, ლადო ჭანტურიას, ბრძანებით დაარსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0