„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის შესახებ ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ესწრებოდა. ფორუმში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი, „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი, ასევე 15 ბიზნეს ასოციაციისა და 50-მდე კომპანიის წამომადგენელი. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკაზე ისაუბრეს, მათ შორის აქცენტი გაკეთდა „საგადასახადო კოდექსში“ ახლად მიღებულ ცვლილებებზე, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე (ოფშორულ) ქვეყნებში რეგისტრირებული
საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„შესაძლებლობა გვქონდა აღნიშნულ კანონზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გვესაუბრა. მათ სრული მხარდაჭერა გამოხატეს. საინტერესო კითხვები და დისკუსია იყო, მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს დაინტერესებულ მხარეებს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის შესახებ ეკონომიკური ფორუმი გაიმართა
26/04/2024