ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგსა და ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროგრესზე. მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში ორგანიზაციის წევრი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.
მიხეილ ჯანელიძე ასევე სიტყვით გამოვა გაეროს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზე საქართველო წელს პირველად მონაწილეობს. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე.
ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება კოლეგა მინისტრებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილამდე გაგრძელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაეროს ღონისძიებების ფარგლებში ქ. ნიუ-იორკში ვიზიტით იმყოფება
18/04/2016