საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

22/09/2016

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი მიიღო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და, კერძოდ, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციების და კონკრეტულად ეუთო-ს ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის ასპექტები 2017 წელს ავსტრიის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებული აქტიური თანამშრომლობის დონე. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ თბილისში ახლადგახსნილი ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო დამატებით იმპულსებს შესძენს ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მიხაელ ლინჰარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ კონსულტაციებს ეუთო-ს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით.
მიხაელ ლინჰარტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში და თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0