საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

18/12/2017

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
სამართალდამცველებმა გ.ქ. და მ.მ. 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც 2017 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეეცვალათ გირაოთი.
2017 წლის 11 ივნისს როგორც გ.ქ.-ს, ისე მ.მ.-ს ბრალდების საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, საქმეზე არსებობდა ბრალის წარდგენისთვის დადგენილი სტანდარტი, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული გ.ქ.-ს და მ.მ.-ს ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369′ მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0