სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით.
განხორციელებული საკანონდებლო ცვლილების შესაბამისად, სწორი პრაქტიკის დანერგვისა და კოორდინატორების პროფესიული მომზადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიზნობრივი სასწავლო კურსები განხორციელდა. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული კოორდინატორების საქმიანობის სამართლებრივი, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური ასპექტები. მათ შორის, კოორდინატორების პირველი რეაგირება ინფორმაციის მიღების შემდგომ, მათი ფუნქცია-მოვალეობები, დაზარალებულთან/მოწმესთან ურთიერთობის სტანდარტები. ასევე, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტები.
კოორდინატორების გადამზადების პარალელურად, სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც, საკანონდებლო ცვლილებების განხილვის პარალელურად, აქცენტი პროკურორებისა და კოორდინატორების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
კოორდინატორებმა, ახალი გამოწვევებისათვის მოსამზადებლად, უკვე გაიარეს სწავლება ოჯახური დანაშაულებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიმართულებებით. მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეტაპობრივად ხორციელდება და ის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. კოორდინატორების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა
30/07/2018