საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

05/11/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მარკ რუტემ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რამდენადაც ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0