საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

20/12/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას.

„ჩვენ განვუმარტეთ გენერალურ მდივანს, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი. აქედან გამომდინარე, აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ასევე, განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე. შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდებით არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი. წარიმართება გამოძიებები. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან ასეთ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0