საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვენიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

06/11/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის თავდაცვის მინისტრ მარიან შარეცს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვენიის ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს გააცნო ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა გააფართოოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვენიასთან შემდგომი თანამშრომლობა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს სლოვენიის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0