საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

10/04/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში – „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”, რომლის თანახმადაც პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება. ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული, კერძოდ: საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება – 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წ. ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის – 20%, – არა უმეტეს 1000 ლარისა; აგრეთვე საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30%, – არა უმეტეს 1500 ლარისა. იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში არსებული ფრანჩიზა 500 და 1000 ლარი.
დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოადგენს და მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას. ამასთან, დღესვე განიხილეს ცვლილება „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ითვალისწინებს შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევას და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა” და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერების, ასევე კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობაა. გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0