„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად NATO-სთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ NATO-ს, როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია. დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე, თუ როგორ შექმნას NATO-მ უსაფრთხოება მსოფლიოში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა.