საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა

06/01/2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა.

“დასრულდა 2019 წელი და დაიწყო ახალი წელიწადი ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით, – მართალია, სულ რამდენიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო. იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება; იმ დროს, როცა რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, და ეს იქნება ჩემი მიზანი წელს. შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე, შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორებიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა- გასაღება, – უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი, პირიქით, – შერბილებულია. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა: როგორც ერთი წლის წინ, პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე, შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე. იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით (მათ შორის, დაზარალებულების განწყობების), მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი. იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს, აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, – რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მით უმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს; პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, – ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ასევე, საზოგადოებრივ სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან – ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას. ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია. დაბოლოს, ჩემი, როგორც პირადი, ისე – როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ – პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინებისა და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ, როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ, იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას: იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა იგი ციხიდან, პრეზიდენტის შეწყალებით, მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0